header of idfi archive

Home   Site Map   E-mail decoration GEO / ENG

1956 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ნიკიტა სერგეის ძე ხრუშჩოვმა სკკპ-ს XX ყრილობის დახურულ სხდომაზე წაიკითხა ყველასთვის მოულოდნელი და სენსაციური მოხსენება სახელწოდებით „პიროვნების კულტის  და მისის შედეგების შესახებ“. მოხსენებაში გამოაშკარავებული და დაგმობილი იყო 30 წლის განმავლობაში დამკვიდრებული ყველა ის ძირეული ფასეულება, რომელსაც ტოტალიტარული სახელმწიფო საფუძვლიანად ნერგავდა მოსახლეობაში. ხრუშჩოვის მოხსენება გორბაჩოვის ეპოქამდე რჩებოდა საიდუმლო დოკუმენტად, მიუხედავათ ამისა, რომ ის საბჭოთა სისტემის ისტორიული ცვლილებების ერთ-ერთ ათვლის წერტილად შეიძლება მივიჩნიოთ. აღსანიშნავია, აგრეთვე, ის ფაქტიც, რომ ამ მოხსენებაში გამომჟღავნებულმა საბჭოთა ელიტის ახალმა ოფიციალურმა პოზიციამ მნიშვნელოვნად შეცვალა იმ ეპოქის საზოგადოების წარმოდგენა საბჭოთა  სისტემის ფუნქციონირების შესახებ.

ჩვეულებრივმა მოსახლეობამ და კუმუნისტური ნომენკლატურის დიდმა ნაწილმა საკმაოდ მტკივნეულად აღიქვა ახალი ცვლილებების ტალღა. წლების განმავლობაში პროპაგანდისა და აგიტაციის ცენტრალიზებული აპარატი, ხომ მეთოდურად უნერგავდა მოსახლეობას რწმენას პარტიისა და მისი „მესაჭის“ უცდომლობის შესახებ, მმართველი ელიტის მიერ გატარებული პოლიტიკის აუცილებლობაში. ეს განსაკუთრებით ეხება საბჭოთა საქართველოს, სადაც „სტალინის პიროვნების კულტის“ გამოშკარავება და დაგმობა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ აღიქვა არა მხოლოდ როგორც დამკვიდრებული სისტემის შეცვლა ახლით, არამედ ეროვნული სიამაყის გათელვად.

სწორედ ამის გამოძახილად შეგვიძლია მივიჩნიოთ 1956 წლის 5-9 მარტს საქართველოში განვითარებული მოვლენები, როდესაც  ხრუშჩოვის მოხსენების შინაარსის შესახებ ხალხში გაჟონილმა ინფორმაციამ გამოიწვია პარტიული და არაპარტიული აქტივის მკვეთრი და მწვავე რექცია. ტოტალიტარიზმის პირობებში პირველი ანტი-სახელმწიფოებრივი გამოსვლა მალე გადაიქცა მოძრაობად ეროვნული დატვირთვით. 

რა თქმა უნდა, ასეთი გამოსვლა პასუხგაუცემელი ვერ დარჩებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ და მკაცრად აღიკვეთებოდა. თუმცა, დღესაც კი უცნობია, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა 5-9 მარტის მოვლენების დროს, რა იყო ამ სახალხო გამოსვლის განმაპირობებელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები. უცნობია, ქართული და საბჭოთა მმართველი ელიტის დამოკიდებულება და შიდა პარტიული დებატები აღნიშნულ მოვლენებზე, უცნობია ისიც, თუ ვის მიერ მოხდა იარაღის გამოყენების ბრძანების გაცემა და მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტა. ეს მეტად საინტერესო ისტორიული მოვლენა ფაქტობრივად შეუსწავლელია დღემდე. აღსანიშნავია, რომ სიმართლე და დეტალები აღნიშნული მოვლენებისადმი ინახება საარქივო დოკუმენტებში.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ხელშეწყობით პირველად აქვეყნებს იმ დოკუმენტებს, რომლებიც ეხება ამ მეტად საინტერესო და შეუსწავლელ მოვლენას. მონაცემთა ბაზა შეიცავს დოკუმენტებს, რომლებიც მოძიებულია საქართველოს შსს-ს საარქივო სამმართველოს არქივებში (ყოფილი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი და ყოფილი საქართველოს უშიშროების კომიტეტის არქივი). ასევე, პირველად ქვეყნდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის არქივებიდან მიღებული საარქივო დოკუმენტების კოლექცია.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ეს ჯერ-ჯერობით არასრული საინფორმაციო ბაზა პასუხს გასცემს 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენების გარშემო ათწლეულების განმავლობაში არსებულ მრავალ კითხვას და გამოადგება, როგორც საქართველოს და საბჭოთა ისტორიით დაინტერესებულ მკვლევარებს და სპეციალისტებს, ისე, ფართო საზოგადოებას.


IDFI

All rights reserveb by IDFI
Web-page is supported by Embassy of Switzerland in Georgia GeStudio

Created by Ge Studio